top of page

ამბიონიდან პოლიტიკამდე: საპატრიარქოსა და ხელისუფლების ანტიდასავლური ნარატივების შედარებითი ანალიზი

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სეკულარული სახელმწიფოა, საპატრიარქოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, ჰქონდეს სასულიერო პირების მხარდაჭერა, თავის მხრივ კი, ეკლესია ყველა მნიშვნელოვან მომენტში აფიქსირებს თავის პოზიციას პოლიტიკურ საკითხებზე. საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ წლების განმავლობაში ეკლესიას სანდო ინსტიტუტად მიიჩნევს საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი. საპატრიარქო, როგორც ინსტიტუტი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. სასულიერო პირები ქადაგებებში ხშირად ეხებიან როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას და ეხმაურებიან მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, იქნება ეს ომი უკრაინაში, მიწისძვრა თურქეთში თუ გამოსვლები ამერიკის შეერთებულ შტატებში. 


სასულიერო პირებსაც და  თავად საპატრიარქოსაც საკმაოდ მძლავრი და კარგად გამართული საინფორმაციო ქსელი აქვთ, როგორც ტრადიციულ, ისე სოციალურ მედიაში. ეპარქიების გვერდები, ეპისკოპოსებისა და მღვდლების Youtube არხები, სამრევლოების და საკვირაო სკოლების Facebook ანგარიშები ჯამში ასობით ათას მომხმარებელს აერთიანებს. დამატებითი პლატფორმაა ეკლესიისთვის ტელეეთერები, სადაც მღვდლები სტუმრის სტატუსით დადიან. მეინსტრიმ არხებზე ხშირად რიგი სასულიერო პირები პრორუსულ არხებს, ალტ-ინფოს, სეზონი TV-ს და ობიექტივს სტუმრობენ. 


საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის თემა ამჟამად ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ჩვენი კვლევის მიზანი სწორედ აღნიშნულ თემაზე სასულიერო პირების გზავნილებსა და ხელისუფლების რიტორიკას შორის მსგავსების პოვნა გახლდათ.


იმ შემთხვევაში, თუკი 2023 წლის მიწურულს საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, მოსალოდნელია, რომ ანტიდასავლური და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა ახალი ძალებით ამოქმედდება. ამ კუთხით, მეტად საინტერესოა, დავინახოთ სასულიერო პირებისა და საპატრიარქოს როლი პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში და გამოვიკვლიოთ საზოგადოებაზე მათი გავლენების მასშტაბი.


ანტიდასავლური რიტორიკა როგორც სასულიერო პირების, ისე ცალკე მდგომი რელიგიური ფეისბუქ გვერდებისა და ჯგუფებისგან ვრცელდება; ხოლო შინაარსობრივად მას რამდენიმე მიმდინარეობა აქვს.


გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ ნარატივებს.



ნარატივი #1 - “დასავლეთი რყვნის”


"ლიბერალიზმი, გარდა იმისა, რომ ჩვენ ამას არ შევხედოთ რელიგიური და მორალური პრიზმიდან, პირდაპირი საფრთხე შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოების და სუვერენიტეტის დაკარგვისა თუ შენარჩუნების. თუ უკითხავთ ჩვენს ოპონენტებს, როგორია ჩვენი გენოფონდი, როგორია მისი პერსპექტივა? რა თქმა უნდა, ამის ხელშეწყობა, ამ პრიზმიდან მინდა ვაჩვენო ჩვენს ოპონენტებს, ეს იქნება კატასტროფა და საქართველოს სუვერენიტეტის რისკები, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო.” - ჯუანშერ ბურჭულაძე, 12 მაისი, 2023 წელი 


უკაცრავად, მეგობრებო, ჩვენ ვართ ასეთები, ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა, ასეთი ხალხი ვართ - კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური ფასეულობების დამცველი და თუ მათ ამის გამო უნდათ, რომ ჩვენ აღარ ვიყოთ, კარგად იყვნენ, წარმატებას ვუსურვებ.” - ირაკლი ღარიბაშვილი, 11 მაისი, 2023


ჩვენ ვჭირდებით ევროპას, ჩვენი სისუფთავე სჭირდება და ჩვენი იდეები სჭირდება… გამოვიდნენ და მითხრან, რომელია ავტორიტეტი ჩვენთვის? ქრისტეზე მეტი ავტორიტეტი ვინ არის? უნდათ, რომ ავტორიტეტი შეგვიცვალონ.” - მეუფე იაკობი, 6 მაისი, 2023



ნარატივი #2 - დასავლეთი გვმართავს და ცდილობს საქართველოში გადატრიალების მოწყობას


სცენარი არის არეულობა, რევოლუცია… ვხედავთ, რომ იგეგმება ასეთი პროცესები და კიდევ გავიმეორებ, რომ განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის უკან დგას USAID-ის დაფინანსება. ჩვენ დაგვჭირდება ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან განმარტებების მოსმენა ამასთან დაკავშირებით.” - ირაკლი კობახიძე, 2 ოქტომბერი, 2023 წელი 


"მნიშვნელოვანია ის, რომ ის ჩრდილი, რაც მიადგა ამერიკის დახმარებას საქართველოს მიმართ... გააკეთონ განმარტება, რატომ მიდის ამერიკელი ხალხის და გადასახადების გადამხდელების ფული სხვა ქვეყანაში არეულობის ინსპირაციის ან ჯგუფების მომზადებისთვის, რომლებმაც არეულობები უნდა დაგეგმონ და ძალადობის პროვოცირება უნდა მოახდინონ." - შალვა პაპუაშვილი, 2 ოქტომბერი, 2023 წელი.


სუსმა გუშინ ესე გვითხრა, ესე აგვიხსნა: იმ ადამიანებმა, ვინც ამ ტერაქტს გეგმავს, ის იციან, რო დასავლეთი ჩვენ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემს, და, აქედან გამომდინარე, ისინი ემზადებიან, რომ, როდესაც ოქტომბერში ეს ევროკომისია იტყვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ გვეკუთვნის, ამის შემდეგ დაიწყება მაიდანი.” - დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, 13 მარტი, 2023 წელი.



ნარატივი #3 - კანდიდატის სტატუსი არაფრის მომცემია


24 საათი ლაპარაკობთ სტატუსზე, გასაგებია, გავიგეთ, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ სტატუსი არის მნიშვნელოვანი. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ კანდიდატის სტატუსი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული და მას შემდეგ ისინი წლებია, ელოდებიან წევრობასაც და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა მათ შემთხვევაში… ამას სჭირდება მომზადება, ამას არ სჭირდება ფარისევლობა და ტყუილი, რომ გამოდიხართ და ატყუებთ ხალხს, რომ რაღაც სასწაული მოხდება და დაინგრევა, თუ არ მივიღებთ სტატუსს.” - ირაკლი ღარიბაშვილი, 18 ნოემბერი, 2022 წელი 


თვითონ კანდიდატის სტატუსი, როგორც ასეთი, პრაქტიკული თვალსაზრისით, არაფერს არ იძლევა, ჩვენ ამაზე გვქონდა განმარტება, არცერთი ევროთი მეტს არ გაძლევენ, კანდიდატის სტატუსთან მეტი ფული არ არის დაკავშირებული, ვალდებულება არ უჩნდება ევროკავშირს.” - რაკლი კობახიძე, 15 ივნისი, 2022 წელი 


"მე დიდი იმედებით არ ვარ განწყობილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, ეს არაფრის მომცემი არ არის, ეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და საბოლოოდ ვერც გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი, რუკაზე დახედვაა ამისვისთვის საჭირო.” - დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, ტელეკომპანია სეზონი TV, 12 ოქტომბერი, 2023  



ნარატივი #4  - ევროპა საქართველოს უსამართლოდ მოექცა


"იმედი მაქვს, რომ [2023 წელს] მივიღებთ იმ სტატუსს ევროკავშირისგან, რომელიც გვეკუთვნის და რომელიც ასე უსამართლოდ ევროკავშირმა მიანიჭა ორ სხვა ქვეყანას.” - თეა წულუკიანი, 22 დეკემბერი, 2022 წელი 


ვფიქრობ, ევროპა აღარ დაუშვებს იმ შეცდომას, რომელიც შარშან დაუშვეს, როცა საქართველო დაჩაგრეს, მოექცნენ უსამართლოდ [….] ჩვენ წინ ვუსწრებთ უკრაინას, მოლდოვას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, რომლებმაც მიიღეს კანდიდატის სტატუსი შარშან და ჩვენ არ მივიღეთ სამწუხაროდ. ჩვენ უსამართლობას და ასეთ მჩაგვრელ დამოკიდებულებას არ შევეგუებით.” - ირაკლი ღარიბაშვილი, 5 ოქტომბერი, 2023 წელი 


ვისზე ნაკლები ვართ?! უკრაინელებზე? ბალტიისპირელებზე? თუნდაც ისტორიით და კაცობით." - მეუფე იაკობი, 9 იანვარი, 2023 წელი



”აგენტების კანონი” და საპატრიარქო

საქართველოს დასავლური ორიენტაციისთვის საკვანძო მნიშვნელობა ჰქონდა პარლამენტის მიერ ინიციირებულ კანონს უცხოელი აგენტების შესახებ, რომლის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ეხმაურებოდა საქართველოს საპატრიარქო და სასულიერო პირები. 


“მარტის აქციების” ფონზე, საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საკუთარ “ფეისბუქზე” კანადური კანონის ეგზემპლარი ითხოვა და მთხოვნელს წაკითხვის შემდეგ დაბრუნებას დაჰპირდა. საგულისხმოა, რომ „ქართული ოცნება” „აგენტების კანონის” გასამართლებლად სწორედ კანადურ მოდელს იშველიებდა. ირაკლი კობახიძის თქმით, დიდი ბრიტანეთი, კანადა და ევროპის სხვა ქვეყნები მსგავს კანონებზე მუშაობენ, რადგან მათ ესმით გამჭვირვალობის ფასი.



“აგენტების კანონისადმი” ღია მხარდაჭერას გამოხატავდა დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილიც. მან განაცხადა, რომ ეს კანონი ქართველ ხალხს დაეხმარება, გაიგოს, თუ „როგორ რყვნის ევროპა ქვეყანას ბოლო 30 წელია”.


კვლევის შედეგად მოძიებული ინფორმაციის გაშიფვრისა და ანალიზის შედეგად იდენტიფიცირდნენ ანტიდასავლური ნარატივის გამავრცელებელი მთავარი აქტორები:



დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი

სასულიერო პირთაგან ანტიდასავლური განცხადებების გავრცელებით დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი გამოირჩევა. ის 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი მონაწილეა. 2021 წლის სექტემბერში, სახალხო დამცველმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაცია გასცა. დეკანოზი რეგულარულად სტუმრობს პრორუსულ, პროპაგანდისტულ ტელევიზიებს - “ალტ-ინფოსა” და  “სეზონი ტვ”-ს, სადაც ღიად ავრცელებს ანტიდასავლურ სენტიმენტებს.

  • დეკანოზ ცქიფურიშვილი დასავლეთს ჰომოფობიური და დეზინფორმაციული ნარატივებით უპირისპირდება. აშშ-ის ყოფილ და დიდი ბრიტანეთის ელჩებზე საუბრისას ის, როგორც წესი,  სექსისტურ ტერმინოლოგიას იყენებს. ცქიფურიშვილი გამოთქვამს 2023 წლის 8 ივლისის პრაიდ ფესტივალის ჩაშლის ორგანიზატორების მხარდამჭერ მოსაზრებებსაც. 

  • დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი აქტიურად განიხილავს საქართველოს საგარეო ორიენტაციასა და პოლიტიკურ კურსს. დეკანოზი NATO-სა და ევროკავშირს ქართული ეროვნულ ეროვნულ იდენტობას უპირისპირებს. დეკანოზი ცქიფურიშვილისთვის საქართველოს საგარეო კურსი ერთგვარი გზაჯვარედიანია, რომლის ერთ მხარეს სასულიერო პირი  გარყვნილებას ხედავს, მეორე მხარეს კი ეკლესია, ჯვარი, სამშობლო, ზნეობა და მორალია. 

  • სპირიდონ ცქიფურიშვილი რუსეთის მიმართ ღიად გამოხატავს სიმპათიას და მას დასავლეთის საპირწონედ აყენებს. ხშირად ჩრდილოელი მეზობლის სიკეთეებზეც საუბრობს: „რომ არა რუსეთი, ჩვენ აჭარას გურიას და ჩვენს სამცხე-ჯავახეთს ვერ დავიბრუნებდით, და რომ არა ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი, ჩვენ ტაო-კლარჯეთსაც დავიბრუნებდით“.

  • სპირიდონ ცქიფურიშვილის განცხადებები ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების რიტორიკის მსგავსია და ამყარებს “ქართული ოცნების” ნარატივს. ყველაზე თვალსაჩინოდ ეს მარტის აქციების დროს გამოჩნდა, როდესაც დეკონზმა პირდაპირ მოითხოვა, უცხო ქვეყნიდან დაფინანსების მიმღებებს აგენტები ეწოდოთ. სასულიერო პირი “სეზონი ტვ-ზე” სტუმრობისას ღიად საუბრობს მშვიდობის შენარჩუნებისა და ფრთხილი პოლიტიკის წარმოების მნიშვნელობაზე, როცა „ამერიკა და ანგლო-საქსები საქართველოში რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ“. დეკანოზი ცქიფურიშვილი ყურადღებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სახელმწიფო გადატრიალების გეგმის შესახებ გავრცელებული განცხადებასა  და მეორე მაიდნის მოწყობაზეც ამახვილებს. ხელისუფლების რიტორიკის მსგავსად, ისიც დარწმუნებულია, რომ რადიკალურ ძალებს სახელმწიფო გადატრიალება აქვთ მიზნად, მათ უკან კი ევროკავშირი დგას.


მეუფე იაკობი 

ბოდბის მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი კიდევ ერთი სასულიერო პირია, რომელის ქადაგებებსა და განცხადებებში პოლიტიკური შინაარსი იკვეთება. ის საპატრიარქოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია: ის ხშირად ახსენებს ხელისუფლებას, რომ ეკლესიისთვის ანგარიშის გაწევა მართებთ - ასე მოხდა, მაგალითად, 2013 წლის 17 მაისის ანტიჰომოფობიური აქციის დარბევის შემდეგ. 


  • მეუფე იაკობი დასავლური ცხოვრების წესის ნაწილს ქვეყნისთვის, ეროვნული იდენტობისთვის შეუფერებლად მიიჩნევს.

  • ბოდბის მთავარეპისკოპოსი არასამთავრობო ორგანიზაციებსაც უპირისპირდება და მტრის საქმის შესრულებაში სდებს ბრალს.

  • მეუფე იაკობი რუსეთ-უკრაინის ომზეც საუბრობს, ერთ-ერთი ქადაგებისას მან ღიად მიანიშნა, რომ უკრაინაში ომის დამთავრებას არა საკუთრივ უკრაინა, არამედ ამერიკა და რუსეთი გადაწყვეტს. „ეს ომი დამთავრდება, როცა ამას ამერიკა და რუსეთი გადაწყვეტენ“.



მეთოდოლოგია


საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ანტიდასავლური ნარატივის კვლევის პროცესში დაკვირვების მთავარი ობიექტებად შერჩეული იქნა ოფიციალური გვერდები - რაც მოიაზრებს როგორც საპატრიარქოს, ისე ეპარქიებისა თუ სასულიერო სასწავლებლების გვერდებს; კონკრეტულ სასულიერო პირთა სოციალური ანგარიშებს, ასევე “ფეისბუქზე” არსებული რელიგიური შინაარსის გვერდებსა და ჯგუფებს. 


კვლევის პროცესში გამოყენებულ იქნა IBEX-სა და MediaSpeech-ის ხელსაწყოები. თავდაპირველ ეტაპზე, შემუშავდა საკვანძო სიტყვები და ფრაზები (დანართი 1), რომლის გამოყენებითაც, მოხდა 268 რელევანტური პოსტის დამუშავება ფეისბუქიდან, იუთუბიდან და ტელეგრამიდან. ამასთან, გაიშიფრა 7 მოცულობითი ქადაგების ვიდეოჩანაწერი.


კვლევის შემდეგ ეტაპზე გაანალიზდა მონაცემები, იდენტიფიცირდა კონკრეტული სასულიერო პირების მიერ გავრცელებული ძირითადი ნარატივები და დახარისხდა ხშირად განხილული თემების მიხედვით. ნარატიული და თემატური ანალიზის შედეგად, სასულიერო პირების განცხადებები შედარდა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და გამოიკვეთა მსგავსი რიტორიკა. დასკვნით ეტაპზე, იდენტიფიცირდნენ კონკრეტული სასულიერო პირები, რომლებიც აქტიურად ავრცელებენ ხელისუფლებასთან მიმსგავსებულ ანტიდასავლურ ნარატივებს.



დასკვნა


საქართველოში საპატრიარქოს, როგორც ინსტიტუტს, და კონკრეტულ სასულიერო პირებს მნიშვნელოვანი გავლენა და ძალაუფლება აქვთ: საეკლესიო ავტორიტეტების მხრიდან გავრცელებული დეზინფორმაციის მიმართ ადამიანები ბევრად უფრო მოწყვლადები არიან; ამასთან, სასულიერო პირებს ინფორმაციის გასავრცელებლად საკმაოდ ვრცელი პლატფორმები აქვთ, იქნება ეს საკუთარი მრევლი, თუ პირადი ფეისბუქის ანგარიშები ათასობით გამომწერით. შესაბამისად, აშკარაა, რომ მათ მიერ გავრცელებულ ნარატივებს საკმაოდ ფართო წვდომა აქვთ. საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში ჩანიშნული ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენების ფონზე, როგორებიცაა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება და 2024 წლის არჩევნები, კვლევაში განხილული საკითხების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება. 


ამ კვლევის ერთ-ერთი თვალსაჩინო სიახლეა საპატრიარქოს წარმომადგენლებსა და ხელისუფლებას შორის გავრცელებული ნარატივების შედარება. გარდა ამისა, კვლევა ავლენს კონკრეტულ სასულიერო პირებს, რომლებიც გამოირჩევიან ანტიდასავლური რიტორიკით.

კატეგორია:

Bootcamp

bottom of page