top of page

პრო-სახელისუფლებო და ანტი-დასავლური ნარატივების კვლევა: POSTV-სა და "ხალხის ძალის" ანალიზი

შესავალი


რუსეთი, უკვე მრავალი წელია, დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული ნარატივების გასავრცელებლად პრორუსულ მედიასაშუალებებს იყენებს, ეს ნარატივები კი თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება. ეს კვლევა ერთ-ერთი ქართული პროპაგანდისტული მედიასაშულების, POSTV-ის შესახებაა. 


აღნიშნული კვლევის ფარგლებში შევეცადეთ, ერთი მხრივ, შეგვესწავლა მედიასაშუალება POSTV-ის შექმნისა და კომპანიის წესდებაში შესული ცვლილებების ისტორია, ასევე მისი ფინანსების წყაროები და პოლიტიკური კავშირები. სტატიის მეორე ნაწილი კი უმეტესად მედიასაშუალების სოციალური ქსელის გვერდებისა და ნარატივების ანალიზს ეთმობა, უფრო კონკრეტულად კი, POSTV-ის სოციალური ქსელის გვერდის, მასთან დაკავშირებული ღია ჯგუფების, გვერდებისა და ანგარიშების მიერ 2023 წლის 1 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით გავრცელებული ნარატივები შევისწავლეთ. 



POSTV- წინაისტორია


შპს პოსტვ 2017 წელს დაარსდა. კომპანიის წესდების მიხედვით, საქმიანობის საგანი მედია პროდუქტების დამზადება და გავრცელებაა. წესდებიდანვე ვიგებთ, რომ კომპანიას ხუთი თანადამფუძნებელი ჰყავდა: ნუგზარ რუხაძე, ზაზა შათირიშვილი, ზვიად ბლიაძე, შალვა რამიშვილი და შპს სვოტ პროდაქშენი. საჯარო რეესტრის  2017 წლის ამონაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები კომპანიის 100%-იან წილს თანაბრად, 20-20%-ად ინაწილებდნენ, კომპანიის დირექტორის თანამდებობას კი იმ პერიოდში ნუგზარ რუხაძე იკავებდა. 


2017 წლიდან დღემდე კომპანიამ რამდენიმე ცვლილება განიცადა. 2017-2019 წლებში განხორციელებული ცვლილებები ასე გამოიყურება:

2022 წელს კომპანიის ხუთმა მეწილემ, ნუგზარ რუხაძემ, ზვიად ბლიაძემ, ანა შენგელიამ, ვახტანგ კომახიძემ და თემურ ჭარელაშვილმა გადაწყვიტეს, თავიანთი წილები გაესხვისებინათ. აღსანიშნავია, რომ ნუგზარ რუხაძემ (16%), ზვიად ბლიაძემ (16%), ანა შენგელიამ (8%) და ვახტანგ კომახიძემ (8%) თავიანთი წილები სრულად გაასხვისეს, ხოლო თემურ ჭარელაშვილმა კუთვნილი 28%-დან მხოლოდ 4% გაყიდა. საბოლოოდ კი, კომპანიის 52%-იანი წილი 520,000 ლარად “ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა და მოძრაობა “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა. გასაკვირი არ არის, რომ ვიქტორ ჯაფარიძე მმართველი პარტიის საკმაოდ მსხვილი შემომწირველიცაა, 2012-2017 წლებში ჯაფარიძემ ქართულ ოცნებას საერთო ჯამში 120,000 ლარი შეწირა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ “ქართული ოცნებიდან” წამოსულმა დეპუტატებმა მოძრაობა “ხალხის ძალა” 2022 წლის აგვისტოში დააფუძნეს, ვიქტორ ჯაფარიძემ კი პოსტვ-ის 52%-იანი წილი 2022 წლის ოქტომბერში შეიძინა. ამასთან დაკავშირებით მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ჯაფარიძის მიერ ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის შესყიდვა ხელს შეუწყობთ “სათქმელის საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ” მიტანაში. მოგვიანებით კი შალვა რამიშვილმა განაცხადა, რომ პოსტვ “ხალხის მოძრაობის” მედიაპლათფორმა გახდა. 


2023 წლის მონაცემებითაც, კომპანიის მეწილეები ვიქტორ ჯაფარიძე, შალვა რამიშვილი და თემურ ჭარელაშვილი არიან (იხ. ინფოგრაფიკი_1)


ინფოგრაფიკი_1 | წყარო: DataVision


თემურ ჭარელაშვილი ასევე იკავებს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობასაც, ნუგზარ რუხაძე კი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში დირექტორია. 



ფინანსური კავშირები 


კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ტელეკომპანია პოსტვ-ის შემოსალვები წლების მიხედვით შეგიძლიათ იხ. ინფოგრაფიკ_1-ზე.


2019-2023 წლებში შპს პოსტვ-მ სხვადასხვა წყაროდან საერთო ჯამში 15,180,597 ლარი მიიღო, აქედან მაუწყებლის მფლობელის შემოწირულობამ საერთო ჯამში 395,970 ლარი შეადგინა. ტელეკომპანიის შემოსავლების უდიდესი ნაწილის წყარო რეკლამებია. 2019-2023 წლებში კომერციული და ფასიანი სოციალური რეკლამებიდან მიღებული შემოსავალი იხ. ინფოგრაფიკ_1-ზე.


საინტერესოა ისიც, რომ პოსტვ-ზე რეკლამის დამკვეთები საკმაოდ ხშირად არიან სახელმწიფო უწყებები, მაგალითად, 2021-2023 წლებში პოსტვ-ზე რეკლამა შეუკვეთეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, მთავრობის ადმინისტრაციამ, თავდაცვის სამინისტრომ, იუსტიციის სახლმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სხვ. გარდა ამისა, 2021 წელს პოსტვ-ს რეკლამაში ფული “ქართულმა ოცნებამაც” გადაუხადა. იმავე წლებში კომპანია Optimum Media Buying Limited-მა ოთხჯერ შეუკვეთა პოსტვ-ის რეკლამები და ამაში თითოეულში 7,000-50,000 ლარი გადაიხადა, აღნიშნული კომპანია რუსეთში არის რეგისტრირებული.



პოლიტიკური კავშირები


როგორც აღინიშნა, 2022 წლის აგვისტოში პარტია “ქართული ოცნებიდან” წამოსულმა რამდენიმე დეპუტატმა ახალი მოძრაობა “ხალხის ძალა” ჩამოაყალიბა, მოძრაობას მალევე შეურთდა ყოფილი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძეც. მოძრაობის დაარსებიდან სულ რამდენიმე თვეში ვიქტორ ჯაფარიძემ შპს პოსტვ-ის საკონტროლო პაკეტი 520,000 ლარად შეიძინა, რამაც შესაბამისად განაპირობა ისიც, რომ პოსტვ “ხალხის ძალის” მთავარ მედიაპლათფორმად იქცა. 


რაც შეეხება ვიქტორ ჯაფარიძეს, ის მე-6, მე-8, მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, 2022 წელს მან დატოვა პარტია “ქართული ოცნება” და შეუერთდა მოძრაობა “ხალხის ძალას.” სწორედ მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრები იყვნენ “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტის ინიციატორები. მოძრაობის წევრებმა კანონპროექტი 2023 წლის თებერვალში დაარეგისტრირეს. კანონპროექტის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშულებები, რომლებიც საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან ფინანსდებიან, “უცხოური გავლენის აგენტებად” უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, თუმცა თავად “ხალხის ძალის” წევრების შემოსავლებისა და უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის. 


საინტერესოა, რომ მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ კანონი ყველა თანამდებობის პირს ავალდებულებს, შეავსოს ქონებრივი დეკლარაცია სრულად და ზუსტად, ვიქტორ ჯაფარიძე არის ერთ-ერთი იმ თანამდებობის პირებისგან, რომლებიც ქონებრივ დეკლარაციებს მუდმივად არასრულად და არაზუსტად ავსებენ. საჯარო სამსახურის ბიურომ ვიქტორ ჯაფარიძის ქონებრივი დეკლარაციები ოთხჯერ, 2018, 2019, 2020 და 2022 წლებში შეამოწმა და ოთხივე შემთხვევაში მათი შეფასება უარყოფითი იყო, რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზიც გამოიკვეთა, მაგალითად, ოთხივე შემთხვევაში მთავარი გამოწვევა იყო ის, რომ ვიქტორ ჯაფარიძე თავის უძრავ ქონებას სრულად არ ასახავდა. გარდა ამისა, ბიუროს დასკვნებში ყურადღება გამახვილებული იყო ასევე ჯაფარიძის ოჯახის წევრებზეც, რომლებიც ანალოგიურად უძრავ ქონებას სრულად არ ასახავდნენ. უძრავ ქონებასთან ერთად ჯაფარიძე არც საბანკო ანგარიშების ნაშთებსა თუ სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით ავსებდა სრულ ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ჯაფარიძე საჯარო სამსახურის ბიურომ დეკლარაციის არასრულყოფილად შევსებისთვის ოთხჯერ დააჯარიმა, 2018 წელს - 1000 ლარით, 2019 წელს - 805 ლარით, 2020 წელს - 1028 ლარით და 2022 წელს - 1004 ლარით. ამის მიუხედავად, ჯაფარიძე დეკლარაციის შევსების წესს მაინც ყოველწლიურად არღვევს და არ ასახავს სრულ ინფორმაციას ქონებრივი თუ ფინანსური მდგომარეობის შესახებ. 


რაც შეეხება ვიქტორ ჯაფარიძის სამეწარმეო საქმიანობას, როგორც DataVision ხელსაწყოდან გავიგეთ, ჯაფარიძე შპს პოსტვ-ის გარდა კიდევ ორ კომპანიაში, შპს სეტი+-სა და შპს თაბუნიში ფლობს წილებს. 


წყარო: DataVision


შპს სეტი+ 2017 წელს დაარსებული კომპანიაა, ამჟამად კომპანის ორი მეწილე ჰყავს, ოთარ ჩართოლანი, რომელიც კომპანიის 66,7%-ს ფლობს და ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც დანარჩენი 33,3%-ის მფლობელია, თუმცა ამჟამად ჯაფარიძის წილს მისი მეუღლე, ნათია ხვისტანი განკარგავს. რაც შეეხება კომპანიის დირექტორს, ამ ეტაპზე ამ თანამდებობას არჩილ მესხიძე იკავებს.

წყარო: DataVision


რაც შეეხება მეორე კომპანიას, შპს თაბუნი 2020 წელს დაარსებული კომპანიაა, თავდაპირველად კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ზაზა ჩარკვიანი იყო, დირექტორის თანამდებობასაც თავადვე იკავებდა, თუმცა დღევანდელი მონაცემებით, კომპანიის 100%-ს ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს, მისი წილის მმართველი ამჟამად ოთარ მაზმიშვილია. მაზმიშვილი კომპანიის დირექტორის თანამდებობასაც იკავებს. 

წყარო: DataVision


საინტერესოა, რომ შპს თაბუნის დაარსების დღიდან სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია. ელექტრონულ ტენდერებში არ ფიქსირდება ასევე შპს სეტი+-იც, თუმცა აღნიშნულ კომპანიას 2019-2023 წლებში 65 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული გამარტივებული შესყიდვების გზით, მათი ჯამური ღირებულება 510 118 ლარს შეადგენს, შემსყიდველი ძირითად შემთხვევაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ან მერიის მუნიციპალიტეტის მერიაა. 


მედიასაშუალება POSTV-ის ისტორიის, ფინანსებისა და პოლიტიკური კავშირების შესწავლის შემდეგ, გადავწყვიტეთ, სტატიის მეორე ნაწილი მთლიანად მათი სოციალური მედიის გვერდებისა და ნარატივების შესწავლისთვის დაგვეთმო.



სოციალური მედიის ქსელი


ასე გამოიუყურება მედიასაშუალება POSTV-ის სოციალური მედიის ქსელი.


კვლევის ფარგლებში არა მხოლოდ POSTV-სთან დაკავშირებული სოციალური მედიის გვერდები გამოვავლინეთ, არამედ ასევე შევისწავლეთ მათ მიერ 1 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტები და ნარატივები. ნარატივების ანალიზს უფრო ვრცლად სტატიის სხვა თავში შემოგთავაზებთ, თუმცა, მანამდე მოკლედ მოგიყვებით იმ თემების შესახებ, რომლებსაც აღნიშნულ მედიასაშუალებასთან დაკავშირებული სოციალური მედიის გვერდები დროის იმავე მონაკვეთში აქტიურად ავრცელებდნენ. 


ყველაზე ხშირად პოსტვ-სთან დაკავშირებული გვერდები სალომე ზურაბიშვილისა და მისი იმპიჩმენტის შესახებ პოსტავდნენ, ასევე აქტიურად განიხილებოდა “ნაციონალური მოძრაობა”, მათი პროპაგანდა, საქართველოში “მეორე ფრონტის” გახსნა, ახალი მაიდანი და ომში ჩათრევის კამპანია. ბოლო პერიოდში ასევე აქტიურად განიხილებოდა ისეთი თემები, როგორებიცაა, მაგალითად, “კანვასის” წევრების ტრენინგების დაფინანსების წყაროები, სახელმწიფო გადატრალების სქემა და სხვ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პოსტვ-სთან დაკავშირებული ყველა სოციალური მედიის ქსელი აქტიურად ავრცელებდა მოძრაობა “ხალხის ძალის” პოსტებს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, რაც გარკვეულწილად გასაკვირი არც არის, რადგან პოსტვ მათი მთავარი მედიაპლატფორმაა. კვლევის პროცესში გამოჩნდა, რომ “ხალხის ძალის” Facebook გვერდის და POSTV ანალიტიკას პოსტები თემატურად მსგავსია და ორივე ცდილობს, ერთნაირად გაამახვილოს ყურადღება სხვადასხვა საკითხზე. მოცემულ დიაგრამაზე ნაჩვენებია, თუ რამდენად მსგავსია ამ ორი გვერდის კონტენტი შინაარსობრივად და პოსტების რაოდეობითაც: 



ხელსაწყო CrowdTangle-ის მეშვეობით მოვიპოვეთ მონაცემები აღნიშნული სოციალური მედიის გვერდების პოსტების რაოდენობის, ინტერაქციებისა და პოსტების ტიპის მიხედვით ინტერაქციების შესახებ. მოპოვებული მონაცემები 2023 წლის 1 სექტემრბიდან 20 ოქტომრბის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.



ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1 სექტემბრიდან 20 ოქტომრბის ჩათვლით სოციალური მედიის ხუთივე გვერდმა ჯამში 2 300 პოსტი განათავსა, აქედან ყველაზე მეტი პოსტის ავტორი POSTV- ახალი ამბები იყო. 


შემდეგი სურათი აჩვენებს დროის იმავე მონაკვეთში აღნიშნული გვერდების პოსტების ინტერაქციებს, მათ შორის, კომენტარების, რეაქციებისა და გაზიარებების რაოდენობას. ამ მონაცემების თანახმად, საერთო ჯამში 498 600 ინტერქციიდან ყველაზე მეტი, 300 ათასი POSTV-ანალიტიკას პოსტებს ჰქონდა:



რაც შეეხება პოსტის ტიპის მიხედვით ინტერაქციებს, აღმოჩნდა, რომ პოსტვ-ის სოციალური მედიის გვერდებზე გავრცელებული ვიდეოები ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს, რასაც თან ფოტოები და ლაივ ჩართვები მოსდევს. სრული ინფორმაცია ასე გამოიყურება:



სოციალური მედიის გვერდების გარდა, ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა ისიც, თუ რა ჯგუფებში ზიარდება და ვრცელდება მედიასაშუალების პოსტები და ნარატივები. 


ერთ-ერთი ასეთი ღია ჯგუფი POSTV NEWS სახელითაა ცნობილი. აღნიშნული ჯგუფი 2016 წელს შეიქმნა და თითქმის 400 წევრი ჰყავს. ჯგუფს ორი მოდერატორი, ილია ელერდაშვილი და თემურ ჭარელაშვილი ჰყავს, ორივე მათგანი ტელეკომპანია პოსტვ-ზე არის დასაქმებული. POSTV NEWS დიდი ჩართულობით არ გამოირჩევა, თუ ჯგუფის პოსტებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მთავარი კონტრიბუტორები სწორედ ილია ელერდაშვილი და თემურ ჭარელაშვილი არიან. გარდა ამისა, გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ჯგუფში ძირითად შემთხვევაში პოსტვ-ის პოსტები, ვიდეოები და ფოტოები ზიარდება. საინტერესოა, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როდესაც პოსტვ-ზე დასაქმებული ადამიანები პოსტებისა და ნარატივების გასავრცელებლად სხვადასხვა ღია ჯგუფს იყენებენ. ამის კიდევ ერთი მაგალითი გია აბაშიძეა. გია აბაშიძე პოსტვ-ის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანია და ხშირად საუბრობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პოლიტიკაზე, ამავდროულად, საკმაოდ აქტიურად იყენებს სხვადასხვა ჯგუფს თავისი გადაცემის ვიდეობისა თუ სხვა პოსტების გასავრცელებლად. გია აბაშიძის პოსტებს ვხვდებით ისეთ ღია ჯგუფებში, როგორებიცაა ქართული მედია, სოციალური მედია, წინ საქართველო უკეთესი მომავლისკენ, პროტესტი, პოლიტიკა და მანიპულაციები და სხვ. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილ ჯგუფებს საკმაოდ დიდი, რამდენიმეათასიანი აუდიტორია ჰყავს, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ პოსტვ-ის პოსტებ და ვიდეოები ასეთ ღია ჯგუფებში საკმაოდ დიდი აუდიტორიას სწვდება. 


გარდა POSTV-ის სოციალური მედიის ქსელისა და პოსტებისა, ასევე, შევისწავლეთ მოძრაობა “ხალხის ძალის” სოციალური მედიის გვერდი და მასთან დაკავშირებული ჯგუფები. მოძრაობამ სოციალური მედიის გვერდი 2022 წლის 25 ოქტომბერს შექმნა, ბოლო მონაცემებით, მათ გვერდს 17 ათასი გამომწერი ჰყავს. “ხალხის ძალის” სოციალური მედიის გვერდის შესწავლის შემდეგ, გამოჩნდა, რომ 2023 წლის 1 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით მათ მიერ გავრცელებული პოსტებიც დაახლოებით იმავე შინაარსის იყო, რასაც იმავე პერიოდში პოსტვ და მასთან დაკავშირებული სხვა გვერდები ავრცელებდნენ. მაგალითად, ხალხის ძალა ხშირად ავრცელებდა პოსტებს საქართველოს პრეზიდენტისა და მისი იმპიჩმნეტის პროცესებთან დაკავშირებით. ასევე არა ერთი პოსტი მიუძღვნეს “გლობალური ომის პარტია”ს, “კანვასის” ტრენინგების დაფინანსებასა და სახელმწიფო გადატრიალებას. ამასთანავე, მოძრაობა “ხალხის ძალას” იმავე სახელწოდების ერთი დახურული ჯგუფი აქვს, სადაც ათასი ადამიანია გაწევრიანებული. 



ძირითადი პროპაგანდისტული ნარატივები


პოსტვ-ისა და “ხალხის ძალის” Facebook გვერდებისა და ჯგუფების კვლევისას აღმოვაჩინეთ რამდენიმე პროპაგანდისტული ნარატივი, რომლებიც ხშირად მეორდებოდა. 1 სექტემბრიდან 20 ოქტომბრიდან გავრცელებული ნარატივები პირობითად 5 ჯგუფად დავყავით:

  1. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ;

  2. ანტი-უკრაინული;

  3. ანტი-მაიდანი, სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია;

  4. ანტი-დასავლური;

  5. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდული მოძრაობების შესახებ.


იმპიჩმენტის შესახებ გავრცელებულ პროპაგანდისტულ ნარატივებში  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოღალატედ და კონსტიტუციის დამრღვევად არის მოხსენიებული. გარდა ამისა, ძირითადი აქცენტი ოპოზიციასა და სალომე ზურაბიშვილს შორის არსებულ კავშირზეა გამახვილებული. ხშირად მეორდებოდა შემდეგი ნარატივებიც:

  • პრეზიდენტი თანამშრობლობს “გლობალური ომის პარტიასთან”;

  • სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ;

  • სალომე ზურაბიშვილი ხელს უწყობს საზოგადოების გახლეჩვასა და რადიკალიზაციის გაღრმავების პროცესს. 

სახელმწიფო გადატრიალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ გავრცელებულ ნარატივებში აქცენტი ხშრად იმის შესახებ კეთდებოდა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო აქტორი, ხელისუფლების სათავეში “შუაშისტური” პარტიის მოყვანის მიზნით, საქართველოში არეულობასა და პოლიტიკურ პოლარიზაციას აღვივებს. Ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გავრცელებულ ნარატივებში ხშირად მეორდებოდა ისეთი ტერმინები, როგორებიცაა: აგენტოკრატიული წრეები, გავლენის აგენტი/აგენტები, ოპოზიციის ლობისტები, უხერხემლო ოპოზიცია, რევანშისტული სცენარი და სახელმწიფოს გადატრიალება/აყირავება.  


1 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით აქტიურად ვრცელდებოდა განცხადებები ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის, რობინ დანინგანის, ოპოზიციურ პარტიებთან მის შესაძლო კავშირისა და უკრაინაში მისი საქმიანობის, ასევე აშშ-ს შიდა  პოლიტიკური პრობლემების შესახებ. ანტი-ამერიკულ განცხადებებთან ერთად ვრცელდებოდა ისეთი ინფორმაციაც, რომელიც ევროპის კავშირის, როგორც ძლიერი გაერთიანების, დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. ანტი-დასავლურ ნარატივებში ყველაზე ხშირად მეორდებოდა ის, რომ თითქოს ევროპის კავშირს არ გააჩნია სახელმწიფოების მიმართ ერთიანი მიდგომა და ევროპული გაერთიანების ოფიციალური წარმომადგენლები ერთმანეთისგან სრულიად ურთიერთგამომრიცხავ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. POSTV-ის და “ხალხის ძალის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მეგობარ სახელმწიფოს ევროპის კავშირის წევრი ქვეყნებიდან უნგრეთი წარმოადგენს. ყველაზე Ხშირად მეორდებოდა ანტი-დასავლური ნარატივები. ანტი-ამერიკულ განწყობებთან ერთად, ხშირად იმეორებდნენ განცხადებებს იმის შესახებ, რომ:

  • ევროპის კავშირს არ აქვს სახელმწიფოების მიმართ ერთიანი ობიექტური მიდგომა;

  • ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა;

  • ევროპის კავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო;

  • დასავლელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ საქართველოში პოლარიზაციის პროცესს.



ნარატივების გაერთიანება


ნაშრომში განხილული ნარატივების კვლევის პროცესში აშკარა გახდა თითოეულ მნიშვნელოვან ნარატივს შორის კავშირი და მათი ერთ ნარატიულ ხაზად ჩამოყალიბების პროცესი.


18 სექტემბერს სუს-ის მიერ საქართველოში მოსალოდნელი გადატრიალებს მცდელობის შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ, PosTV-სა და ხალხის ძალის წევრების განცხადებები, მათი გადაცემების თემები და Facebook პოსტები მიმართული იყო ყოველი მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ მედია აქტორის ამ „გეგმებთან“ დაკავშირებისაკენ. ერთ-ერთი პირველი, ვისზეც უსაფრთხოების სამსახურმა ღიად მიუთითა, „ქართული ლეგიონი“ და მისი მეთაური მამუკა მამულაშვილია. აღსანიშნავია, რომ „ქართული ლეგიონის“ წევრები აქტიურად არიან ჩართულები უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში. მსგავსი განცხადების შემდეგ ზემოაღნიშნულ ორ Facebook გვერდზე დაიწყო როგორც ამ კავშირის გამყარების მცდელობები, ისე დამატებითი საფუძვლის შექმნა, რომელიც უშუალოდ უკრაინასა და მის ხელისუფლებას საქართველოში „დაგეგმილ“ რევოლუციას უკავშირებდა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის ხელისუფლებას ხშირად უკავშირებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც“ მიხეილ სააკაშვილის, როგორც უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელის პოზიციის გამო. მიუხედავად იმისა, რომ სუს-ის განცხადებაში ოპოზიციის ჩართულობაზე საუბარი არ არის, PosTV-სა და ხალხის ძალის წევრები მაინც მოიხსენიებდნენ ოპოზიციურ ძალებს, როგორც ამ გეგმის ნაწილს. 


გარდა ზემოაღნიშნულისა, სუს-ის თავდაპირველ განცხადებაში მოხსენიებულია „უცხო ქვეყანა“, რომელიც გადატრიალების გეგმებს კოორდინაციასა და ფინანსურ დახმარებას უწევდა, ამ შემთხვევაშიც, უსაფრთხოების სამსახური არ აკონკრეტებს რომელ ქვეყანაზეა საუბარი, თუმცა კვლევის ობიექტი ვებ-გვერდები ამ ქვეყნად უპირობოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიიჩნევდნენ. ხალხის ძალის წევრების განცხადებების განხილვით ნათელი ხდება, რომ ისინი ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხს გადატრიალების ფარგლებში დაგეგმილი „პროვოკაციების“ ნაწილად წარმოჩენას ცდილობდნენ, თუმცა აშშ-ს ჩართულობა „მოსალოდნელი რევოლუციის“ ნარატივში სუს-ის შემდეგი ქმედებებით უფრო ნათელი ხდება: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბრის განცხადებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „კანვასის“ ლიდერები დაკითხვაზე დაიბარა, გავრცელდა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ტრენინგების ჩანაწერები, რომლებშიც, სუს-ის მიხედვით, ორგანიზაცია ახალგაზრდებს ეფექტური გადატრიალების მეთოდებს ასწავლიდა. გარდა იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ამ ნარატივში ჩართვით მედია-აქტორებს მიეცათ შესაძლებლობა კვლავ 7-9 მარტის პროტესტებზე საუბრისა, ამ აქტის შედეგად, ხალხის ძალისა და PosTV-ს გვერდებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი იმის შესახებ, რომ „კანვასის“ კონკრეტული პროექტები USAID-ის მიერაა დაფინანსებული. მსგავსმა ქსელმა ხალხის ძალის სპიკერებს გაუხსნა გზა, რომ აშშ ნეგატიურ კონტექსტში უფრო და უფრო ხშირად მოეხსენიებინათ, მაგალითად, ზემოაღნიშნული პარტიის ერთ-ერთი წევრი თავის განცხადებაში სვამს კითხვას, თუ რამდენად სათუოა ის, რომ აშშ-ს ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის მიერ ხშირად ნახსენები მილიარდები, რომლითაც აშშ საქართველოს ეხმარება, სინამდვილეში მსგავს ტრენინგებში იხარჯება. 


ხალხის ძალა და PosTV-ს გვერდები რამდენიმე ნაბიჯით წინ უსწრებდა უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ განცხადებებს და თავდაპირველი უკრაინის და მოგვიანებით გამყარებული აშშ-ს ნარატივებს ერთმანეთსაც უკავშირებდა - ხალხის ძალის პოლიტიკოსები ხშირად საუბრობდნენ უკრაინის ომსა და მასში აშშ-ს ინტერესებზე, მეორე ფრონტის გახსნის საფრთხესა და ამერიკისათვის საქართველოში არსებული არეულობის საჭიროებაზე. 


დროთა განმავლობაში, კვლევის ობიექტი გვერდების დაკვირვებით აშკარა ხდება, რომ „რევოლუციის“ სცენარში საქართველოს პრეზიდენტის ფაქტორიც ემატება - იმპიჩმენტის მცდელობის პროცესების დაწყების შემდეგ, სპიკერები და პოსტების ავტორები აგებენ ახალ ნარატიულ ხაზს, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ზემოხსენებული აქტორების უმეტესობას დაუკავშირებს, მაგალითად, ხალხის ძალის წევრის მიერ დასმული შეკითხვით, თუ რატომ უჭერენ მხარს სალომე ზურაბიშვილს ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც „კანვასთან“ არიან ასოცირებულები, ან პირდაპირი განცხადებების გაკეთებით, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი სხვა ქვეყნების, აშშ-სა და საფრანგეთის ინტერესების გამტარებლადაა წარმოჩენილი. 


საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებით ხშირია საუბარი იმაზეც, რომ მისი ვიზიტები საზღვარგარეთ მიმართული იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის დაკარგვისაკენ, რომელსაც „ხალხის ძალა“ და PosTV გადატრიალების ერთ-ერთ მთავარ მოტივატორად მიიჩნევენ. 


დასკვნა


POSTV-სა და "ხალხის ძალის" Პრო-სახელისუფლებო და ანტი-დასავლური ნარატივების გაანაზილებამ საშუალება მოგვცა, ნათლად დაგვენახა თუ როგორ ცდილობს, პროპაგანდისტული ინფორმაციის გავრცელებით, ერთი მხრივ, POSTV და, მეორე მხრივ, “ხალხის ძალა” ქვეყანაში ხელისუფლებისთვის სასარგებლო და პოლიტიკურად მომგებიანი დღის წესრიგის შექმნას.


გარდა იმისა, რომ კვლევა შესაძლებლობას გვაძლევს, გავიგოთ 2023 წლის სექტემბერ-ოქტომბერში POSTV-ის და “ხალხის ძალის” მიერ გავრცელებული ნარატივების წარმომავლობა, გვეხმარება ნარატივებს შორის არსებული კავშირის დანახვაში. Მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნულ პერიოდში ნარატივები 5 ძირითადი თემის გარშემო ვრცელდებოდა, თითოეული მათგანი საბოლოოდ ერთ მთავარ ნარატივში - “რევოლუციურ სცენარში” ერთიანდება. ამგვარად, POSTV სახელისუფლებო და ანტი-დასავლური პროპაგანდის მძლავრი იარაღია, რომელიც კვლევის საგნად უნდა დარჩეს.

კატეგორია:

Bootcamp

bottom of page